საზოგადოებრივი
104.5 FM

თურქეთის არმიის განცხადებით, სამხედროებმა ხელისუფლება აიღეს

გამოქვეყნებულია 2016-07-16 01:40:00


თურქეთის არმია განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, სამხედროებმა ხელისფლება აიღეს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

განცხადების სრული ვერსია სახელმწიფო ტელევიზია TRT -ის ეთერში გადაიცა. სავარაუდოდ, ტელეკომპანია სამხედროებს აქვთ აღებული.

გთავაზობთ ფრაგმენტებს განცხადებიდან, რომელსაც ბრიტანული გამოცემა The Independent-ი ავრცელებს. 

„განცხადება თურქეთის შეიარაღებული ძალებისგან: კონსტიტუციური წესრიგი, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები აღდგება; ქვეყანაში კვლავ გამეფდება კანონის უზენაესობა; აღდგება გაუარესებული საზოგადოებრივი უსაფრთხოება; ქვეყნის ადმინისტრაციისათვის ყველანაირი უფლებამოსილება ჩამორთმეულია. 

ძალაში რჩება ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება და ჩვენი ვალდებულება. ვიმედვონებთ, მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან კარგ ურთიერთობებს გავაგრძელებთ“.

Reuters-ის ცნობით, გაუქმებულია ყველა რეისი სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან. CNN Turk-ის ჟურნალისტის ცნობით, სამხედრო შტაბ-ბინებში აყვანილნი არიან მძევლები. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უსაფრთხოდაა ქვეყნის პრეზიდენტი ერდოღანი.

სავარაუდოდ, აღებულია თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ოფისიც. 

მიუხედავად ყველაფრისა, გადატრიალებას უარყოფს თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი

დატოვე კომენტარი

უახლესი