საზოგადოებრივი
104.5 FM

კინოფილმი უეკრანოდ

                               ჩემო  მსმენელებო

  სამ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ, 1978 წლის ოქტომბერში, რადიოს  ისტორიაში პირველად, ეთერში გავიდა გადაცემათა ციკლი სახელწოდებით  „კინოფილმი უეკრანოდ“, ფილმი ეთერში! რისკი დიდი იყო... მაგრამ, როცა ძალიან საყვარელსა და რამდენჯერმე ეკრანზე ნანახ ჩვენ ქართულ ფილმებს ტელევიზიით მოვკრავდი ყურს (დიახ ყურს და არა თვალს), მათ უეკრანოდაც თავიდან ვნახულობდი. ესეც თქვენი კინოფილმი უეკრანოდ!

           საცდელად „შერეკილები“ შევარჩიე. თვით ბატონმა ელდარ შენგელაიამაც კი „ვერ წარმომიდგენიაო ფილმი რადიოში“. (შემდეგში რათქმაუნდა აზრი შეიცვალა). სამაგიეროდ ჩემი დაიჯერა ბატონმა პეტრე შამათავამ, რადიოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა.

           ჩანაფიქრმა გაამართლა.

           ჩვენ გვიყვარს ქართული ფილმები. აბა რა იყო ეს, თუ არა სიყვარული?! ბატონ რეზო ჩხეიძის ნებართვით დიღმის კინოსტუდიიდან წინ და უკან ვეზიდებოდით კინოფირების უშველებელ კოლოფებს მე და ჩემი ოპერატორი  ჯემალ პატეიშვილი მისი დანჯღრეული „მოსკვიჩით“. (მაშინ მანქანები მხოლოდ ტელევიზიას ემსახურებოდა!) მერე ტელეფილმების კორპუსში ვეძებდი თავისუფალ საპროექციოს ფილმი,რომ მენახა. მეხმარებოდნენ, იქაური ნაცნობი თუ უცნობი თანამშრომლები. ისინიც  დააინტერესა ამ ექსპერიმენტმა... მერე ვიჯექი ჩაბნელებულ საპროექციოებში, ვუყურებდი ფილმებს, ვიწერდი ხმოვან რიგს მაგნიტოფირზე, ვინიშნავდი და ვშიფრავდი დიალოგებს (დიახ, გაშიფრულ დიალოგებს მოითხოვდა ჩვენი შეფი!) ვარჩევდი სმენით აღსაქმელ ფრაგმენტებს, ვკრავდი გადაცემებს, ტექსტი ყდაში ისმებოდა, ეთერში გასვლის ვიზა რომ მიეღო ოთხი საფეხურით ზემდგომთაგან და შემდეგ იწყებოდა მუშაობა სტუდიაში ადამდროინდელ აპარატურასთან... დავიწყე მხიარული ფილმებით, მერე სხვა ჟანრისასაც მივყავი ხელი.. მხატვრულ–დრამატულს, დოკუმენტურს, მულტიპლიკაციურს...

           ალბათ წარმოიდგინეთ შრომის მაშტაბები, მაგრამ ორმოცდაათიოდე ფილმმა დაიდო ბინა ჩვენს ფონდში.

           მახსოვს, მაშინ დიდი მადლობა გადაგვიხადა უსინათლოთა საზოგადოებამ. გავიდა მრავალი წელი რადიოში კი კვლავ ისმის „კინოფილმი უეკრანოდ“ – 80–იანი წლების პროგრამა“. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ სხვა პროგრამების ავტორი გავხდი , დროდადრო მაინც გთავაზობთ  ახალ ფილმებს.მსიამოვნებს და მადლობას მოგახსენებთ, რომ დღეს მათი საიტზე განთავსების სურვილი გამოთქვით.

           ეს მინდოდა მეთქვა თქვენთვის  ჩემო მსმენელებო


           პატივისცემით ლია ძიძიგური.

 

უახლესი