დილის ეთერი

დღის ეთერი

საღამოს ეთერი

ღამის ეთერი

პროექტები

ჩვენი საგანძური

  • ჩვენი საგანძური

    სასიქადულო მამულიშვილები – ტყუპი ძმების ტარიელ და ავთანდილ ვართაგავების გახსენება დაბადების 80 წლისთავზე
    28 თებერვალი
    უნიკალური ძმების ცხოვრების საინტერესო ეპიზოდია მათი მეგობრობა დიდ ქართველ მხატვართან ლადო გუდიაშვილთან, რომელმაც 1976 წელს,  მათდამი მიძღვნილ მხატვრის დიდ ალბომზე ასეთი წარწერა გააკეთა „მაღალი და მადლიანი ნიჭით არიან დაჯილდოებულნი ძმები – ტარიელ და ავთანდილ ვართაგავები; ქმნიან მხატვრულ ნაწარმოებებს – ერის და ქართული კულტურის სადიდებელს. ვუსურვებ ახალგაზრდა მეგობრებს დიდ შემოქმედებით გზას ბრწყინვალების სიხარულით აღსავსეს! ლადო გუდიაშვილი. ავთანდილ ვართაგავას 1981 წლიდან მზად ჰქონდა წიგნი ლადო გუდიაშვილზე „ფერთა წერის უგვირგვინო მეფე – დღეები ლადო გუდიაშვილის გვერდით“. ხელნაწერის სახით დატოვა ბიოგრაფიული, მოგონებების წიგნი „ბედი მხატვრისა და ნახატისა“, სადაც ერთ–ერთ თავში  „ხელოვნება, ვითარცა ჯვარცმა“, წერს, რომ ჯვარი, რომელზეც მხატვარი და საერთოდ, შემოქმედი ადამიანია გაკრული თვალით უხილავია და მოჰყავს პატრიარქის სიტყვები „ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას ჯვარი“
  • ჩვენი საგანძური

    ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს მწიგნობართა ასოციაცია 40 წლისაა
    21 თებერვალი
    ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს მწიგნობართა ასოციაცია, რომელსაც ადრე `წიგნის მოყვარულთა საზოგადოება~ ერქვა, 1974 წელს შეიქმნა და უკვე 4 წელიწადში ე.ი. 1978 წლისათვის,  700 ათასზე მეტ წევრს აერთიანებდა. სამოქალაქო ომმა, მხედრიონელთა თარეშმა, უმძიმესმა სოციალურმა ყოფამ თითქმის დაშლამდე მიიყვანა  ეს უნიკალური ორგანიზაცია, მაგრამ წლების განმავლობაში ის მაინც ატარებდა მასშტაბურ ღონისძიებებს.                       მწიგნობართა ასოციაცია არაპარტიული გაერთიანებაა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად არაა ჩართული, მაგრამ წიგნებითა და მათი ავტორების დახმარებით ცდილობს ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას. ამ საკითხთა შორის უმწვავესია ქართული ენის დაცვისა და გადარჩენის საკითხი. განსაკუთრებით საინტერესო მწიგნობართა ასოციაციაში ის გახლავთ, რომ აქ მაღალ დონეზეა საგამომცემლო საქმიანობა. უნიკალურია სასაჩუქრო მინიატურული წიგნები, რომელთა  გამოცემა პოლიგრაფიული თვალსაზრისით მეტად რთული და ძვირადღირებული პროდუქციაა. ეს წიგნები ცნობილი მხატვრების გაფორმებით, ცნობილი კრიტიკოსების ანოტაციებით ქართულ და ინგლისურ ენებზე, მცირე ტირაჟით - 300-500 ეგზემპლარი იბეჭდება და მოგებაზე არ არის გათვლილი. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მწიგნობართა ასოციაცია 1980 წლიდან სისტემატურად გამოსცემს ბიბლიოფილთა ალმანახს `მწიგნობარი~, რომლის რედაქტორები სხვადასხვა დროს იყვნენ ირაკლი აბაშიძე, ივანე ლოლაშვილი, სოლომონ ხუციშვილი, ლევან მენაბდე. დღეს კი რედაქტორია ბ-ნი ნოდარ ტაბიძე.         

    სტუმრები: ლია ნადარეიშვილი, მანანა გვასალია, შოთა კობიაშვილი, რევაზ ბალანჩივაძე, ოთარ ჯანელიძე, გოგი წერეთელი.

    ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე.

    გადაცემის ვიდეო ბმული: https://www.youtube.com/watch?v=0pCorCY31c4


  • ჩვენი საგანძური

    ვეფხისტყაოსნის ზეპირადმცოდნენი – შეხვედრა შოთა ხოდაშნელთან
    7 თებერვალი
    შოთა ხოდაშნელმა ზეპირად იცის `ვეფხისტყაოსნის~ სრული ტექსტი და ამ თვალსაზრისით, მან, ჭეშმარიტად მამულიშვილურ საქმეს დაუდო სათავე – დააარსა `ვეფხისტყაოსნის~ ზეპირად მცოდნეთა კლუბი `გონებანი გონიერსა~, სადაც 400-დე ბავშვს ბოლომდე შეასწავლა ქართული პოეზიის ეს შედევრი.
    სწორედ `ვეფხისტყაოსნის~ ზეპირად ცოდნის გამო იყო, რომ აღტაცებული აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე შუბლზე ეამბორა ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა 18 წლის პოეტს.
    შოთა ხოდაშნელს გამოცემული აქვს 200 წიგნი, რომელთა შორის 50-დე საბავშვო და 12 იუმორისტული კრებულია.

    ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე


  • ჩვენი საგანძური

    ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების მდგომარეობა;
    17 იანვარი
    გადაცემაში საუბარია ტაო–კლარჯეთის უნიკალური ქართული ძეგლების დღევანდელი მდგომარეობისა და ახალი აღმოჩენების შესახებ.

    სტუმრები: ლევან წიქარიშვილი და ბებურ გოზალიშვილი.

    ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
  • ჩვენი საგანძური

    საახალწლო მოსაგონარი
    27 დეკემბერი

    გასრულდა მე-3 ათასწლეულის   კიდევ ერთი წელიწადი. მოდის ახალი 2015 წელი, რომელსაც იმედითა და რწმენით ხვდება ჩვენი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა, უცხოეთში გადახვეწილი ქართველობა, რომ აწი მაინც მიეცემათ საკუთარ სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა.    2014 წელმა არაერთ სიკეთესთან ერთად გულისტკივილიც მრავლად მოგვიტანა. მრავალი ღირსეული, გამორჩეული მოღვაწე განერიდა წელს ამ წუთისოფელს, რომელთაც შეეძლოთ სმშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ კვლავ დიდი რუდუნებით ეღვაწათ. ვიხსენებთ პოეტსა და მთარგმნელს თამარ ერისთავს, დიდ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძეს, უხუცეს ქართველ ემიგრანტს პეტრე ხვედელიძეს, მხატვარ–გრაფიკოსს ემირ ბურჯანაძეს და დიდებულ სპორტსმენსა და მოქალაქეს, თბილისის "დინამოს" ოქროს ხანის კალათბურთელს, საბჭოთა კავშირის არაერთგზის ჩემპიონსა და პრიზიორს, ევროპის თასის მფლობელს ვაჟა ჟღენტს. მართალია, დაგვაკლდა მათთან შეხვედრისა და ურთიერთობის სიხარული, მაგრამ სანუგეშოდ ის დაგვრჩა, რომ მათ ხმას კვლავ არაერთხელ მოისმენს სრულიად საქართველო.                 პროგრამა `ჩვენი საგანძურის~ დღევანდელი გამოშვება, 2014 წლის ბოლო გადაცემაა და არ შემეძლო ახალი წლის ზღურბლზე კიდევ ერთხელ არ გაგვეხსენებინა ის შესანიშნავი მამულიშვილები, რომელთაც მრავალი სიკეთე და უდიდესი საგანძური დაუტოვეს მომავალ თაობებს. სწორედ ერისა და ქვეყნისათვის გაღებული სიკეთე ქმნის პიროვნების პორტრეტს, რომელსაც დავიწყება არ უწერია.   ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენგან წასული დიდებულ მოღვაწეთა სულები, თქვენ კი ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ შობა-ახალ წელიწადს. bედნიერება, გამრავლება, გახარება, სიკეთე, ხვავი და ბარაქა დაგბედებოდეთ ახალ 2015 წელს. ეს წელი ყოფილიყოს ჩვენი იმედებისა და სურვილების შესრულების წელი. გაბრწყინებულიყოს ჩვენი ქვეყანა ისე, როგორც ეს ყველა ჭეშმარიტ ქართველს სურს. ბედნიერება არ მოგკლებოდეთ მრავალჟამიერ ძვირფასო მეგობრებო!





  • ჩვენი საგანძური

    რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია
    20 დეკემბერი

    უკვე ხუთი წელია, რაც ლიტერატურულმა ჟურნალმა `ხელეურმა~, რომელმაც შემდგომ ობიექტური მიზეზების გამო იცვალა სახელი და ამჟამად `ანეულის~ სახელწოდებით გამოდის, ჩვენი სასიქადულო მწერლის რევაზ ინანიშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად დააარსა `ერთი მოთხრობის კონკურსი~, რომელშიც კომპეტენტური ჟიური გამარჯვებულებს, პრიზიორებსა და ნომინანტებს გამოავლენს, რომელთაც შესაბამისად პრემია, დიპლომები და პრიზები გადაეცემათ. თბილისში, მწერალთა სახლში გაიმართა წინა წლების პრემირებული ნაწარმოებების მიხედვით შედგენილი კრებულის წარდგენა და რევაზ ინანიშვილის სახელობის პრემიის 2014 წლის ლაურეატთა დაჯილდოება.  კონკურსზე ასამდე ნაწარმოები იყო წარდგენილი. აქედან ჟიურიმ, რომელსაც თემურ ჩალაბაშვილი თავმჯდომარეობდა გამოავლინა სამი გამარჯვებული 1. ბექა ქურხული 2. ნინო ქადაგიძე 3. ნათია როსტიაშვილი.  ლელა თოთაძე, ნინო ჭინჭარაული და ალექსანდრე პაიკიძე დაჯილდოვდნენ პრიზებით, ხოლო 6 ნომინანტს გადაეცათ დიპლომები.

    რევაზ ინანიშვილს იგონებენ პოეტები ბელა შალვაშვილი და თამარ შაიშმელაშვილი

    ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
  • ჩვენი საგანძური

    პოეზიის დედოფალი ანა კალანდაძე 90
    13 დეკემბერი
    ანა კალანდაძე როგორც ქარიშხალი ისე შემოვიდა ქართულ პოეზიაში და მრავალი შეტევის მიუხედავად, ძვრაც ვერ უყვეს, რადგან პირველივე დღიდან აღიარა იგი ქართველმა საზოგადოებამ უდიდეს პოეტად.     
       ანა 22 წლის იყო, როცა მწერალთა კავშირში  ლექსები წაიკითხა. მწერლები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ერთმანეთს დიდი შემოქმედის დაბადებას ულოცავდნენ. ამ შეხვედრის მეორე დღეს მწერალმა გერონტი ქიქოძემ ასეთი ჩანაწერი გააკეთა: „1946 წლის 25 მაისი დიდი თარიღია ქართული ლიტერატურის ცხოვრებაში. მწერალთა სასახლეში ოცდაორი წლის ქალიშვილმა ანა კალანდაძემ თავისი ლექსების რვეული წაგვიკითხა მსმენელებით სავსე დარბაზში. ამ დღიდან იწყება ქართული ლირიკის აღორძინება... მისი ლექსები უფრო რელიგიურ ჰიმნებს ჰგავს, ვიდრე პირად ლირიკულ აღსარებას. მომცრო ტანისა, მშვენიერი თვალები და მიმზიდველი სახე აქვს. თავი უბრალოდ უჭირავს, მაგრამ ღირსეულად. რა მშვენიერია მისი კითხვის მანერა, უკეთ ვთქვათ – უმანკოება. მისი ხმის მუსიკა ახლაც მესმის. თუ ჩემს ასაკში ან მდგომარეობაში კიდევ შეიძლება ბედნიერი წუთების განცდა, მე ის გუშინ განვიცადე". 
     მოგვიანებით მწერალმა გურამ ასათიანმა ანაზე დაწერა: ვაჟა ფშაველას აქვს ერთი ნაკლებად ცნობილი ბალადა „ანნა–ბულბული." როგორ იქცა ობოლი გოგონა ჩიტად, როგორ გალობდა მერე ყველა გულნატკენზე, ყველა მოურჩენელ სატკივარზე, როგორ ამრთელებდა თავისი გალობით ყველა ჭრილობას, როგორ იქცა მთელი მისი არსება სინაზის და სიყვარულის საყვირად... მისი დამწერი თითქოს მართლა გრძნობდა, რომ საქართველოს ოდესმე უთუოდ მოევლინებოდა ასეთი სული..."       
        აკაკი ბაქრაძემ ანას გამოჩენას ქართულ პოეზიაში სულიერი ამბოხება უწოდა: „მიმაჩნია, რომ ეს იყო ყველაზე დიდი ამბოხება საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მხოლოდ სულიერი ამბოხება; ამ ლექსებმა და, ამ ახალგაზრდა ქალის მოსვლამ ყველაფერი სულ სხვანაირი კუთხით წარმოაჩინა. მაშინ ცოცხალი იყო გალაკტიონ ტაბიძე, ცოცხალი იყო კოლაუ ნადირაძე, ცოცხალი იყო გიორგი ლეონიძე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და, აი, იმ დიდ პოეტურ სამყაროს მიჩვეულ ადამიანებსაც კი სულ სხვანაირად დაანახა ანამ ის პოეტური სინამდვილე, რომელიც მან მოიტანა. ის ახალგაზრდა იყო და ახალი თაობის აზრი მოჰქონდა, ახალი სინამდვილე მოჰქონდა. 
       ეს იყო სერიოზული ამბოხება. სულიერი ამბოხება იმ რუტინის წინააღმდეგ, იმ იდეოლოგიის წინააღმდეგ, რომელიც იმ დროს არსებობდა... და თან იყო ისეთი მძლავრი, რომ მას ვერაფერი მოერეოდა, ვერაფერი შესძლებდა მის გაბათილებას..."
     
       ჟურნალ მნათობში ანას რამდენიმე ლექსი დაიბეჭდა. მის ძლიერ სიტყვას მალე ჭიდილი დაუწყეს. ჟურნალ „მნათობში" კომუნისტური იდეოლოგიის დამქაშებმა ანას პოეზია კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. იმის აღსაქმელად, თუ როგორ რეჟიმთან და ცენზურასთან უწევდათ შეხება მწერლებსა და პოეტებს, როგორ აბსურდამდე მიდიოდა მათი კრიტიკა, ჩვენი მსმენელებისთვის ერთ პატარა ამონარიდს მოვიტან. 
       „...მას აკლია ჩამოყალიბებული ცოდნა ცხოვრებისა, უნარი მოვლენების სწორად დანახვისა. არ ხელმძღვანელობს მოწინავე იდეებით, დეკადენტური მოტივების ტყვეობაშია მოქცეული. ერთ ლექსში ანა კლანდაძე „უდაბნოს მწირს" უწოდებს თავის თავს და მართლაც, მისი ზოგიერთი ლექსი ძველი სამონასტრო ცხოვრების ჰიმნოგრაფებს გვაგონებენ. ღვთისმშობლისა და იესო ქრისტეს შესახებ ამაზე უფრო აღგზნებული ჰიმნები მეათე საუკუნის ჰიმნოგრაფებსაც არ შეუქმნიათ. ვის ესაჭიროება დღეს ამგვარი ლექსები? ვის სულიერ განწყობილებას გამოხატავენ ისინი? ფორმალიზმი, უიდეობა, აპოლიტიკურობა ამაზე შორს ვერ წავა... პოეტი რაღაც უცხო სევდას შეუპყრია და ბუზღუნებს, „დარდიანი ღვინოს ვსვამ და ვთვრები", ეს შემთხვევითი სტრიქონი როდია. შეიძლება ითქვას, რომ ანა კალანდაძის ლექსებში სიმთვრალის, ლოთობის აპოლოგიასთან გვაქვს საქმე. „ღვინიანი ჭიქა", „ქუდმოხდილი ქვევრი", „ღვინიანი კოპე", „ღვინო დოქებით" ასეთია ამ ქალის პოეტური ლექსიკა. ჩვენი ლიტერატურისათვის ეს სრულიად უცხო მოტივები: ლოთობის აპოლოგია, მისტიციზმი ამ დამწყები პოეტის შემოქმედებაში იმის შედეგია, რომ მწერალთა კავშირი და ჟურნალ „მნათობის" რედაქცია სუსტად ხელმძღვანელობენ ახალგაზრდა მწერლების იდეურ აღზრდას. სხვა მხრივ რითი უნდა აიხსნას ანა კალანდაძის ლექსების დაბეჭდვა ჟურნალ „მნათობში"...      ცენზურამ თავისი გაიტანა. ანას დიდხანს აღარ ბეჭდავდნენ. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისი პოეზია ხალხის გულამდე მისულიყო. ანას ლექსები ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. მთელი საქართველო პატარ–პატარა რვეულებით ეცნობოდა დიდ პოეზიას. მის ლექსებზე სიმღერებს წერდნენ. სიმღერა „საქართველოო ლამაზო" სწორედ იმ დროს შექმნა თემო ნაცვლიშვილმა. ამ სიმღერაზე საინტერესო ისტორიას ყვებიან. 1951 წელს საქართველოს რეპრესიების მეორე დიდმა ტალღამ გადაუარა. უდანაშაულო ადამიანებით ეშელონები გაავსეს და შორეული ციმბირის გზებს გაუყანეს. პატიმრებს ნავთლუღის სადგურიდან აცილებდნენ. მატარებლის დაძვრამდე უეცრად გაისმა „საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არი..." ერთს სხვებიც აყვნენ და სიმღერა ჰიმნივით აჟღერდა. პატიმრები თავიანთ ქვეყანას ამ სიმღერით ეთხოვებოდნენ... 
        „შემოქმედი მართალი უნდა იყოს საკუთარ თავთან, არ უნდა ღალატობდეს საკუთარ მრწამსს" – წერდა ანა და მთელი ცხოვრება ამ პრინციპების ერთგული იყო...
  • ჩვენი საგანძური

    როინ მეტრეველი 75
    6 დეკემბერი

    წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში  წიგნის „ქვეყნის სიყვარულში განვლილი წლების“ წარდგენა ბ-ნი როინ მეტრეველის საიუბილეო საღამოდ და ნამდვილ ბენეფისად გადაიქცა. კრებული შეადგინეს პროფესორებმა სერგო ვარდოსანიძემ ვახტანგ გურულმა და ლევან ჯიქიამ, რედაქტორი სერგო ვარდოსანიძე. წიგნში მკაფიოდაა წარმოჩენილი როინ მეტრეველის ღვაწლი, გაწეული სხვადასხვა მიმართულებით, ეხება ეს მეცნიერებას, სახელმწიფოს მართვას, განათლებისა და მეცნიერების ორგანიზაციას, პედაგოგიურ მოღვაწეობას თუ სხვა ცხოვრებისეულ საკითხებს.                                   

  • ჩვენი საგანძური

    არქეოლოგი გიორგი ლომთათიძე – 100
    22 ნოემბერი

    არიან ადამიანები, რომლებიც ბედის უკუღმართობის გამო ადრე მიდიან ამ ქვეყნიდან, მაგრამ თავიანთ შემოქმედებას, კაცურკაცობის მადლს, ნაშრომსა და ნაღვაწს სამუდამო საგზლად უტოვებენ შთამომავლობას. სწორედ ასეთი მოღვაწე იყო შესანიშნავი მკვლევარი და მეცნიერი, სპეტაკი სულის ადამიანი, დიდი ქართველი მამულიშვილი, არქეოლოგი გიორგი ლომთათიძე. იგი, ქართველ არქეოლოგთა იმ თაობას მიეკუთვნება, რომელმაც საფუძველი განუმტკიცა დიდი ივანე ჯავახიშვილისა და პირველი თაობის ქართველ ისტორიკოსთა მიერ დაწყებულ საქმეს, ახალი სული შთაბერა ქართული არქეოლოგიური აზრის განვითარებას. 

    გიორგი ლომთათიძეს იგონებენ: გივი ჟორდანია, ანდრია აფაქიძე, ცისანა ჩიკოიძე, რუსუდან ჯანაშია, ნინო ჯავახიშვილი, ვახტანგ ჯაფარიძე, გურამ ბედოშვილი, ოთარ ჯაფარიძე, ივანე ჯაფარიძე

    ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე



  • ჩვენი საგანძური

    ანდრია აფაქიძე – 100.
    15 ნოემბერი

    ანდრია აფაქიძე იყო მეცნიერებათა აკადემიის პირველი აკადემიკოსი არქეოლოგი, აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების პირველი აკადემიკოს-მდივანი არქეოლოგიშექმნა საქ. მეცნ. ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან კომპიუტერული სამეცნიერო-საინფორმაციო ცენტრი, სადაც თავმოყრილი იყო ცნობები ქართული არქეოლოგიური ძეგლების შესახებ                             

    ანდრია აფაქიძის ხელმძღვანელობით და თანაავტორობით შეიქმნა „საქართველოს არქეოლოგიის" პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო (1959), პირველი „არქეოლოგიური ლექსიკონი" (1980). მონოგრაფიისთვის „ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში" მიენიჭა აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია (1964).განსაკუთრებით დიდია ბატონ ანდრია აფაქიძის ღვაწლი საქართველოს ძველი დედაქალაქის მცხეთის არქეოლოგიური შესწავლის საქმეში. იყო მეცნიერებათა აკადემიის მცხეთის გიორგი ნიორაძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. 2005 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ მეცნიერის ნეშტს ადგილი მცხეთის სამთავროს მონასტრის ეზოში მიუჩინა. 

    სტუმრები: როინ მეტრეველი, გივი ღამბაშიძე

    ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე


  • ჩვენი საგანძური

    მანანა ჩიტიშვილის პოეზია
    8 ნოემბერი
    მანანა ჩიტიშვილზე ჩვენგან უდროოდ წასული მშვენიერი პოეტი ბორენა ჯაჭვლიანი წერილში „მშვენიერია ფიქრი პოეტზე“, წერდა: „სადაც არ უნდა იყოს, ფიქრით ქსნის ხეობას დაატარებს. ფიქრშივე გაუყვება მთებს შორის ჩარჩენილ ბილიკს და უსათუოდ იმ ადგილს მიაღწევს, ცა უფრო მაღალი რომაა, მზე უფრო მცხუნვარე და თითქოს უფრო მეტ სითბოდ გადმოღვრილი. არის ამ სიყვარულში რაღაც იდუმალი, ბოლომდე უთქმელი, ფერებმიუგნებელი, ჯერაც ხელშეუხებელი. ასე მხოლოდ ის უყვართ, რასაც თუ ვისაც სულის ნაწილად ჩათვლიან. ამგვარი სიყვარულისთვის იბადებიან. იბადებიან ერთხელ და სამუდამოდ. მანანა ჩიტიშვილსაც საქართველოსა და ქართული სიტყვისადმი განსაკუთრებული სიყვარული გამოარჩევს. ეს სიყვარული ასაზრდოებს და შთააგონებს. მისი აღმაფრენაც ესაა. მფარველი ანგელოზივით თან დაჰყვება და არც ერთი სიტყვა არ დასცდენია ამ დიდი მადლის გარეშე. მშვენიერია ფიქრი ამ პოეტზე. როცა მასზე ფიქრობ, ყველგან პოეზიაა, რადგან ის და ლექსი თითქოსდა ერთია - ორივე მშვენიერია“.

    სტუმრები: მანანა ჩიტიშვილი, ილამაზ მიწიშვილი, თემურ ჩალაბაშვილი, ერეკლე საღლიანი

    ავტორი და წამყვანი ივანე ჯაფარიძე


  • ჩვენი საგანძური

    გეორგ ბუხნერის თხზულებები და მისი მთარგმნელი
    1 ნოემბერი

    გერმანისტები საკმაოდ შრომატევად საქმიანობას ეწევიან, რათა გერმანულენოვანი ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწარმოებები ქართული მწერლობისა და ქართული კულტურის საგანძური გახადონ. ამ  თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია ბ-ნ ზურაბ აბაშიძის მიერ თარგმნილი დრამატურგის, პროზაიკოსის, პოეტის, პამფლეტისტის, მეცნიერ-ექსპერიმენტატორისა და ფილოსოფოსის გეორგ ბიუხნერის თხზულებანი.  გავეცნობით სიტყვაკაზმული მწერლობის ჯადოქრად სახელდებული შემოქმედის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რომელსაც განგებამ მხოლოდ 23 წლის სიცოცხლე არგუნა.                           
     
    სტუმრები: ნაირა მაჭარაშვილი, ზურაბ აბაშიძე, დავით ბარბაქაძე.                              
    ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე




  • ჩვენი საგანძური

    გურამ შარაძის გახსენება
    25 ოქტომბერი
    „ჩვენი საგანძურის“ დღევანდელ გადაცემაში ვიხსენებთ ცნობილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, პირველი თაობის ქართველ ემიგრანტთა მეოხსა და მოჭირნახულეს, მრავალი მამულიშვილური საქმის მოთავესა და განმახორციელებელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტს, პროფესორ გურამ შარაძეს, რომელიც 2007 წლის 20 მაისს, დღისით–მზისით ვერაგულად გამოასალმეს სიცოცხლეს თბილისის ცენტრში.  
     
    თვალი გადავავლოთ გურამ შარაძის განვლილი ცხოვრების გზას, რათა ნათლად წარმოვიდგინოთ თუ რა ასულდგმულებდა, რით  ცხოვრობდა მკლავმოუღლელი მეცნიერი. 1958 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქ. მახარაძის #3 საშუალო სკოლა და იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1963 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის სპეციალობით. 1966 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, ხოლო 1975 წელს გახდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1967 წელს დაიწყო მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 1968-2007 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, სადაც გაიარა გზა მეცნიერი თანამშრომლისა და სწავლული მდივნის თანამდებობებიდან ლიტერატურულ ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელობამდე. 1991–92 წლების მიჯნაზე იყო საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ხოლო 1994 წლიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის მიერვე დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი. 1997 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. ამას გარდა, შარაძე იყო საქ. ლიტერატურათმცოდნეობის  აკადემიის, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის და რამდენიმე სხვა დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მწერალთა კავშირის, ჟურნალისტთა კავშირის და პარიზის ეროვნული საბჭოს წევრი. გურამ შარაძე ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას: წლების მანძილზე იყო საქართველო-უნგრეთის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების საზოგადოების პრეზიდენტი, ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, აგრეთვე, სრულიად საქართველოს ივანე მაჩაბლის სახელობის საზოგადოების თავმჯდომარე. 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალებისა და პრეზიდენტ გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ, შარაძე იყო კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების კოლხური კოშკისა და არქივების დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ხოლო გროზნოდან 1992 წელს გამოგზავნილი ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე გახდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ნდობით აღჭურვილი პირი. 1995 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად და მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარედ. ამასთან, პარლამენტში მუშაობის პერიოდში იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921 წ.წ.) სამთავრობო არქივის კომისიის თავმჯდომარე. სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით 1996–1997 წლებში განხორციელდა პარიზიდან და ჰარვარდიდან ეროვნული არქივის სამშობლოში დაბრუნება. 1999 წელს მეორედ აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეებისა და საზღვარგარეთ არსებულ ეროვნულ ფასეულობათა დაბრუნების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარედ. 1999 წელს გურამ შარაძემ შექმნა ზეპარტიული ეროვნული მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა”, ხოლო 2001 წელს მოძრაობა „ენა, მამული, სარწმუნოება”. გურამ შარაძეს მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია, ნიკო ბერძენიშვილისა და მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის წოდება. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის ორდენით და უნგრეთის რესპუბლიკის ოქროს მედლით „უნგრეთის ინტერესების დაცვისათვის მთელ მსოფლიოში”. საქართველოში და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული აქვს  ათეულობით წიგნი  თუ გამოკვლევა ქართულ და უცხო ენებზე. მრავალფეროვანია მისი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის სფეროც: ძველი ქართული მწერლობა და რუსთველოლოგია, ახალი ქართული მწერლობა, ქართული ემიგრანტული მწერლობა, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკა, კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობანი (ქართულ-უნგრული, ქართულ-ინგლისური, ქართულ-ფრანგული, ქართულ-რუსული), ბიბლიოგრაფია, რედაქტორულ-საგამომცემლო, პედაგოგიური (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სალექციო კურსი, ასპირანტების ხელმძღვანელობა), იყო მრავალი სამეცნიერო საბჭოს წევრი.

    სტუმრები: რუსუდან კობახიძე, რუსუდან დაუშვილი

    ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
  • ჩვენი საგანძური

    ანით, სისხლით და ჰოეთი ქართველი პოეტი
    28 სექტემბერი

    პოეტური კრებულის წინასიტყვაობაში პოეტი ლაშა ნადარეიშვილი წერს: „ლევან ფანჩვიძე ხან ნიკალასავით ხატავს ქართულ ზეცას და ხან წიწამურთან ახვედრებს გულს ათასი ჯურის ბერბიჭაშვილების ნასროლ ტყვიას; მტერთაგან ვერმოკლული მღვდელი თევდორეს ერთგულებით ურევს გზას ყიზილბაშებს, რათა გალაკტიონივით გამოაღოს ფანჯარა და სამშობლოს უერთგულეს ჯარისკაცთა სავანეში პოეზიის ქარაფებიდან გადაეშვას!

    ლევან ფანჩვიძე, ანით, სისხლით და ჰოეთი ქართველი პოეტია - იგი ცოცხლობს გალაქტიკათა მუსიკით და სატევარივით მოქნეული ქართული სიტყვით; მოთმინებით დარაჯობს უფლის სავანეს და შემდეგ ფიცხი ხევსურივით ეშვება მთიდან საქართველოსათვის დაწყებული დიდი ომის მოსაგებად!

    სტუმარი; ლევან ფანჩვიძე

    ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე

  • ჩვენი საგანძური

    ემირ ბურჯანაძესთან გამოთხოვება
    20 სექტემბერი
    გარდაიცვალა ცნობილი მხატვარი, გრაფიკოსი და ჰერალდიკოსი, თბილისის გერბისა და სხვა სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკის ავტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის საპატიო მოქალაქე ემირ ბურჯანაძე. ქართულმა კულტურამ და ხელოვნებამ უდიდესი დანაკლისი განიცადა, მხატვართა დიდი საძმოდან წავიდა დიდებული შემოქმედი, ჭეშმარიტად ქართველი ვაჟკაცი, რომლის ნიჭიერება თავიდანვე მრავალი მიმართულებით განვითარდა და უბრწყინვალესი ნიმუშებით გაამდიდრა ქართული სახვითი ხელოვნების არც თუ ღარიბი გალერეა.წავიდა ჩვენგან რაინდული თვისებების მქონე, სამშობლოსა და თავის ხალხზე უსაზღვროდ შეყვარებული პატრიოტი ხელოვანი, რომლის ხსოვნას დავიწყება არ უწერია და თაობიდან თაობას გადაეცემა  ღირსეული მამულიშვილობის მაგალითად.

    ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
  • ჩვენი საგანძური

    ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ სოფელ ღორეშაში
    13 სექტემბერი

    23-24 აგვისტოს ხარაგაულის რაიონის სოფელ ღორეშაში ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი  „ოდეონი“, რომლის ინიციატორი და სულისჩამდგმელი გახლდათ ხარაგაულის რეზო  თაბუკაშვილის სახელობის ერთი მსახიობის ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი და მისი ხელმძღვანელი,  ჭეშმარიტი მამულიშვილი, ყველასთვის საყვარელი ქალბატონი იზა ვეფხვაძე. კონკურსში გამარჯვებულები გახდნენ 1.ირმა მალაციძე, 2.ლელა ცუცქირიძე, 3.ლევან ლორია. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ  ბ-ნი როსტომ ჩხეიძე, ლიტერატურულ ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ მთავარი რედაქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ აგრეთვე მწერალი, კრიტიკოსი, ლიტერატურულ პრემია „საბას“ ლაურეატი ელგუჯა თავბერიძე;  მწერალი და კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი,  პროფესორი ნინო ვახანია;  კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი,  პროფესორი ნანა კუცია, მწერალი, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი მაია ჯალიაშვილი  და  ივანე ჯაფარიძე, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, დავით აღმაშენებლისა და ნიკო ნიკოლაძის პრემიების ლაურეატი,გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

    კონკურსი „ოდეონი“ მთელი საქართველოს მასშტაბით, ღორეშაში, მემორიალური მუზეუმის ეზოში, ღია ცის ქვეშ ჩატარდა. ამჯერად კონკურსის თემა  იყო - „ნაპირი.“

    37 კონკურსანტი 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა. დაწესებული იყო ფულადი პრემიები 500, 300 და 200 ლარი პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული კონკურსანტებისთვის.         ღორეშის მუზეუმის დირექტორმა პავლე ჯიბუტმა  პრემია 200-200 ლარით გაზარდა. ამიტომ პირველ ადგილზე გასულმა კონკურსანტმა მიიღო 700 ლარი, მეორე ადგილზე გასულმა – 500 ლარი, მესამე ადგილის მფლობელმა კი – 400 ლარი.         

    მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სტუდია „პიონერფილმის“ ხელმძღვანელმა გრიგოლ ჩიგოგიძემ კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილისათვის დააწესა პრემია 50 ლარის ოდენობით.

    „ოდეონის“ გამარჯვებულები ჟიურიმ  ორ კვირაში, 5 სექტემბერს გამოავლინა, მაგრამ მათი ვინაობა ჟიურის წევრებმაც ტელევიზიის ღია ეთერში ქ-ნი იზა ვეფხვაძისაგან გავიგეთ. როგორც ბ-მა როსტომ ჩხეიძემ იხუმრა: ღია ეთერში ლოტო ვითამაშეთ - ჟიურის თავმჯდომარე  გამარჯვებულების ნომრებს აცხადებდა, ქ-ნი იზა კი სახელს და გვარს ასახელებდა.

    სტუმრები:იზა ვეფხვაძე, ირმა მალაციძე, ლელა ცუცქირიძე, ლევან ლორია.

    ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე.



  • ჩვენი საგანძური

    „გოდება იერემიასი“ - ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობისა და თანაცხოვრების საიუბილეოდ
    12 ივლისი
    რადიომსმენელს არაერთი გადაცემა შევთავაზეთ ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვან თანაცხოვრებასა და ურთიერთობებზე, რასაც ჩვენი მსმენელის დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ქართველ ხალხში და საერთოდ, საქართველოში ძალიან დიდია ჩვენს გვერდით მცხოვრები ებრაელების მონატრება, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი დიდი ალიის შემდეგ დაუბრუნდა აღთქმულ მიწას. დღეს ამერიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის, ჟურნალისტის, ლიტერატორის, ქართულ-ებრაული კულტურების მკვლევრის ბატონ ირაკლი (ისაკ) კრიხელის მიერ ხუთ ელეგიად წარმოდგენილ ნაშრომს „გოდება იერემიასი“ გთავაზობთ, რომელსაც ბ-ნ ირაკლისთან ერთად კითხულობენ ხარაგაულის რევაზ თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი, სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობი ქ-ნი იზა ვეფხვაძე,პოეტები ერეკლე საღლიანი, გიორგი მელუა და სევარიონ ნადირაძე.    

    სტუმრები: ზაირა დავარაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის 26-საუკუნოვანი იუბილის აღმნიშვნელი სამთავრობო კომისიის წევრი, იზა ვეფხვაძე, ირაკლი (ისაკ) კრიხელი.      

    ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე

  • ჩვენი საგანძური

    ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილისათვის მზადება
    5 ივლისი

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2014 წელი გამოცხადებულია ქართულ-ებრაული ურთიერთობისა და 26-საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო წლად. ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის საინფორმაციო მხარდამჭერი, სხვებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებელიც გახლავთ და მათ შორისაა ჩვენი საავტორო პროგრამა „ჩვენი საგანძური“.  ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრობა და თანაცხოვრება წარმოადგენს არა მხოლოდ ჩვენი ორი ერის საგანძურს, არამედ მსოფლიო საგანძურს, რადგან ამ ურთიერთობას ანალოგი არ გააჩნია დედამიწის ზურგზე. დასკვნითი საიუბილეო ზეიმი 20-23 ოქტომბერს გაიმართება თბილისში.               

    სტუმრები: ჯამლეტ ხუხაშვილი – ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის 26-საუკუნოვანი იუბილის სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარე. გივი ღამბაშიძე - ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაციის პრეზიდენტი, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის დირექტორი. ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე.


  • ჩვენი საგანძური

    პაოლო იაშვილის გახსენება
    28 ივნისი

    გადაცემა ეძღვნება ცნობილი ქართველი პოეტის, მთარგმნელის, ესეისტის, ცისფერყანწელთა  პოეტური ორდენის ერთ-ერთი დამაარსებლის პაოლო იაშვილის ხსოვნას. პაოლო იაშვილის მთელი შემოქმედება და მისი ცხოვრების მრავალი ასპექტი ნამდვილად წარმოადგენს ჩვენს ეროვნულ საგანძურს. შეიძლება ითქვას, მისი სიკვდილიც კი ვაჟკაცობის, რაინდობისა და გმირობის მაგალითად დარჩა მომავალ თაობებს.

    სტუმრები: ბაო მოდებაძე, ზეინაბ ლომჯარია, რევაზ კვერენჩხილაძე.

    ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე